ჩვენ შესახებ

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია დაფუძნდა 2008 წლის 16 ივნისს სამეანო–გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ვენუს ჯორჯია"–ს ბაზაზე (www.venusgeorgia.ge). დაფუძნების დღიდან ასოციაცია ახორციელებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობას. მუდმივად ტარდება ტრენინგები ექიმებისთვის და რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის თემებზე, რომელიც ეძღვნება რეპროდუქციული ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს.

ასოციაციის მიერ შესრულებულია 3 სამეცნიერო შრომა:

  • აბორტის შემდგომი პერიოდის მართვა
  • საშვილოსნოს გარე ორსულობის ქირურგიული მკურნალობის შემდგომი პერიოდის მართვა
  • მკვდრადშობადობა: საქართველოს რეალობა და გამოწვევები

2012 წელს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა მედიცინის სხვადასხვა სფეროში გაიდლაინების შედგენას. ასოციაციის მიერ დაიწერა გაიდლაინი " აბორტის შემდგომი პერიოდის მართვა", რომელიც დამტკიცდა 2014 წლის ივნისში.

2012 წელს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციამ განახორციელა პროექტი "ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა", რომელიც დაფინანსდა სამეანო–გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის "ვენუს ჯორჯია" და ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველო"–ს მიერ.

პროექტის "ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა" ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

2012 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტ"–ში ჩატარდა ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის I საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დაესწრო 200 სხვადასხვა სპეციალობის ექიმი თბილისიდან და რეგიონებიდან, აგრეთვე მოწვეული სტუმრები რუსეთიდან, ნორვეგიიდან და სასომხეთიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო–ს (IWAG), არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალი თაობის ხალხი" (NPG) და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

2013 წლის 26 იანვრიდან 15 მარტამდე ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ტრენინგები:

  • ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  • აბორტის შემდგომი რეაბილიტაცია
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • ორსულობისთვის და მშობიარობისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება
  • ახალშობილი და საკეისრო კვეთა
  • ჩასახვის ფსიქოლოგია
  • საშვილოსნოს გარე ორსულობის შემდგომი პერიოდის მართვა
  • ჰეპატიტები და ორსულობა

ტრენინგს დაესწრო: 300 სტუდენტი, 200 სხვადასხვა სპეციალობის ექიმი, 200 რეპროდუქციული ასაკის ქალი, მათ შორის შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი", ამერიკული საბჭოს თანამშრომლები, ყოფილი მსჯავდებული ქალები და მათი ოჯახის წევრები.

ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

2013 წლიდან ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია გაწევრიანდა "მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსში", ალიანსის წევრი ქვეყნებია: ავსტრალია, აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, შვედეთი, გერმანია, ვიეტნამი და მათ შორის საქართველოც ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის სახით.

2013 წლის აპრილში ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციამ დაიწყო ახალ პროექტზე მუშაობა "ჯანსაღი შთამომავლობა–ძლიერი საზოგადოება " .

პროექტის ფარგლებში შესრულდა მულტიცენტრული პროსპექტული სამეცნიერო კვლევა თემაზე "განვითარების მანკით და მკვდრადშობილი ნაყოფით ნამშობიარევ ქალთა პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია".

კვლევის მიზანი იყო პათოლოგიების რისკ–ფაქტორების დადგენა, ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება და დანერგვა პერინატალური დანაკარგის შემდგომ განვითარებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.

პროექტის უმთავრესი მიზანი იყო დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესება მკვდრადშობადობის შემცირების გზით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციისა და რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარების მეშვეობით.

2014-2016 წლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

  • ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია
  • ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის თემაზე "პერინატალური დანაკარგის შემდგომი პერიოდის მართვა"
  • ტრენინგები მშობელთათვის, რომლებმაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგითემაზე "მკვდრადშობილი ნაყოფით ნამშობიარევ ქალთა პრევენცია და რეაბილიტაცია"
  • ტრენინგი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ექიმი–რეზიდენტებისთვის და ქალთა მოსახლეობისთვის  თემაზე " მკვდრადშობადობა და ნაყოფის განვითარების მანკები".

2017 წელს ასოციაციამ განაგრძო ტრენინგების კურსი ექიმებისთვის, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

- მკვდრადშობადობის პრევენცია

- ჩასახვისწინა კონსულტირების და ანტენატალური მეთვალყურეობის როლი პერინატალური გამოსავლის გაუმჯობესებაში

2018 წელს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციამ განაახლა სამეცნიერო კვლევა "მკვდრადშობადობა: საქართველოს რეალობა და გამოწვევები", რომელიც მოიცავს 2014-2017 წლის მონაცემებს.

ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის ყოველწლიურ კონფერენციასა და საკვალიფიკაციო ტრენინგებში, რომელიც ჩატარდა შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში.

 

პარტნიორი ორგანიზაციები